ჩვენ შესახებ

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ოფიციალურად 1925 წელს დაარსდა და მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლდათ ივანე ფალიაშვილი. 1933 წელს ორკესტრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მთავარ დირიჟორად 1937 წელს რეპრესირებული - ლეგენდარული ევგენი მიქელაძე დაინიშნა. 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დამსახურებული ორკესტრის წოდება მიენიჭა, ხოლო 1994 წელს - ევგენი მიქელაძის სახელი.სხვადასხვა დროს ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ დირიჟორები: ალექსანდრე გველესიანი, გრიგოლ კილაძე, ალექსანდრ გაუკი, შალვა
აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი, ჯემალ გოკიელი, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე, დევიდ დელ პინო კლინგე, ვახტანგ მაჭავარიანი; სამხატვრო ხელმძღვანელები: ანდრია ბალანჩივაძე და ალექსი მაჭავარიანი.
2005 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, სხვა სახელმწიფო სტატუსის მქონე კოლექტივებთან ერთად, ახლად დაფუძნებულ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაერთიანდა და მას შემდეგ ორკესტრი მოიხსენიება, როგორც ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელად კი ვენიდან მოიწვიეს 25 წლის კომპოზიტორი - ნიკოლოზ რაჭველი. 2007 წლიდან მან ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობა შეითავსა.
სხვადასხვა წლებში ორკესტრი კონცერტებით გამოდიოდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის: მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ბერლინის ფილარმონია, ამსტერდამის კონცერტგებაუ, ათენისა და ფრანკფურტის საკონცერტო დარბაზები; პარიზის Les Invalides, პიერ კარდენის ცენტრი, UNESCO-ს საკონცერტო დარბაზი და Salle Pleyel-ი; პეტერბურგის შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონია, ბერლინის კონცერტჰაუზი, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლე BOZAR-ი, სტრასბურგის Convention Centre, ტალინის NORDEA და სხვ.
შემოქმედებითი მოღვაწეობის 92 წლის მანძილზე ორკესტრს შესრულებული აქვს ეროვნული და მსოფლიო სიმფონიური და საოპერო მუსიკის არაერთი შედევრი. ის გახლავთ ქართველ კომპოზიტორთა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი სიმფონიური თხზულების პირველი შემსრულებელი და ამასთანავე უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების ქართული პრემიერებისა.
2013 წლიდან საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში არიან ისეთი რანგის ქართველი მუსიკოსები, როგორიცაა გია ყანჩელი, ალექსანდრე თორაძე, პაატა ბურჭულაძე, იოსებ ბარდანაშვილი და შალვა მოსიძე. ამავე წელს, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს მასშტაბით, პირველი ისტორიული რეფორმის ინიციატორი ხდება, რომლის მიხედვითაც ორკესტრმა მოიპოვა უფლება თავად აიჩიოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. მანამდე აღნიშნული თანამდებობა კულტურის მინისტის მიერ ინიშნებოდა. 2013 წლის დეკემბერში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი გახდა და აგრძელებს წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.

გია ყანჩელი

კომპოზიტორი


ლექსო თორაძე

პიანისტი


პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი


იოსებ ბარდანაშვილი

კომპოზიტორი


შალვა მოსიძე

ქორმაისტერი


კახი სოლომნიშვილი

დირიჟორი

დაიბადა 1990 წელს თბილისში. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილება და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი. საგუნდო დირიჟორობას პროფესორ გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით დაეუფლა, ხოლო საორკესტრო დირიჟორობის განხრით გაკვეთილები ჯანლუკა მარჩანოსთან გაიარა. 2011 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ასისტენტ დირიჟორი, ხოლო 2014 წლიდან - ამავე თეატრის დირიჟორის თანამდებობაზეა. 2017 წლიდან კი იგი ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ დირიჟორია. სხვადასხვა წლებში საოპერო თუ სიმფონიურ რეპერტუარზე თანამშრომლობდა ჯანლუკა მარჩანოსთან, პაოლო არივაბენისთან, მარიანო რივასთან, ლორან პეტიჟერართან, დავით კინწურაშვილთან, ვახტანგ მაჭავარიანთან, დანიელე აჯიმანთან, დმიტრი იუროვსკისთან და სხვა.

ნიკოლოზ რაჭველი

სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ​​​​​​​უდიდესი წვლილი ნიკოლოზ რაჭველის, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში მის პედაგოგებს - ლილი გაბუნიასა და მიხეილ შუღლიაშვილს მიუძღვით. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი ბიძინა კვერნაძის ხელმძღვანელობით. 1999-2003 წლებში კი სწავლობდა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. გავლილი აქვს მასტერკლასები ისეთ კომპოზიტორებთან, როგორიცაა პიერ ბულეზი, ლუჩანო ბერიო, მიშელ ჟარელი და სხვ. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, რიეკას ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან (ხორვატია), ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრთან, პიარნუს სიმფონიურ (ესტონეთი), რუსეთის სახელმწიფო სიმფონიურ, მოსკოვის სიმფონიურ MCO (რუსეთი), კიევის ფილარმონიულ ორკესტრთან (უკრაინა), კრემერატა ბალტიკასთან, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საგუნდო კაპელასთან, ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრის გუნდთან, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან, გოგონათა გუნდთან „შჩედრიკი“ (უკრაინა) და სხვ. კომპოზიტორებთან და მუსიკოს-შემსრულებლებთან: ალექსანდრე თორაძე, ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე, მარინე იაშვილი, ნოდარ გაბუნია, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ მამისაშვილი, ნათელა სვანიძე, იოსებ ბარდანაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ტიგრან მანსურიანი, ფრანგიზ ალი-ზადე, მიშელ ლეგრანი, კიმ კაშკაშიანი, ნინო ანანიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, სტინგი, იური ბაშმეტი, დავიდ გერინგასი, გიდონ კრემერი, ალექსანდრე კორსანტია, მიშელ კრაიდერი, დუდანა მაზმანიშვილი, კატია რიჩარელი, ჯუზეპე ჯაკომინი, ლადო ათანელი, მაყვალა ქასრაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, თამარ ივერი, გიორგი გაგნიძე, იანო თამარი, კატია სკანავი, ალექსანდრე მარკოვიჩი, ვალერიან შიუკაშვილი, მაქსიმ რისანოვი, გიორგი ცაგარელი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ხარაძე, არიელ ცუკერმანი, სერგეი ნაკარიაკოვი, რაშერ საქსოფონ კვარტეტი, ფედერიკო მონდელჩი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ავი ავიტალი, კრის ბოტი, ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე და მრავალი სხვ. მისი ნაწარმოებები შესრულებულია ნიუ იორკის კარნეგი ჰოლში, ბერლინის კონცერტჰაუზში, პეტერბურგისა და კიევის ფილარმონიებში და სხვ. ნიკოლოზ რაჭველის ბოლოდროინდელი პრემიერა მოიცავს ვოკალურ-ინსტრუმენტული თხზულების "The Rest is Silence'' პრემიერას მილანის ლა სკალას თეატრში (2016), რომელიც მსოფლიოში აღიარებულ მეცო-სოპრანოს - ანიტა რაჭველიშვილს ეძღვნება. 2007 წელს ნიკოლოზ რაჭველმა თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „კონტრაპუნქტი“ დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც ორი კომპოზიტორის (ქართველისა და უცხოელის) სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები სრულდება. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ კომპოზიტორებთან. განსაკუთრებული ადგილი ნიკოლოზ რაჭველის ცხოვრებაში კი გია ყანჩელის შემოქმედებას უჭირავს. ბოლო წლების განმავლობაში, იგი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გია ყანჩელის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია კომპოზიტორის სამშობლოში. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით შედგა გია ყანჩელის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა თავდაპირველად კრომბერგის ფესტივალის ფარგლებში, რამოდენიმე დღეში კი ბერლინის ფილარმონიაში; ECM-M-ის მიერ კი გამოცემულია კომპაქტ-დისკი გია ყანჩელის ნაწარმოებებით Little Imber და AAmao Omi, რომელიც კამერული ორკესტრი MAMATRIX--ის მიერ ჩაიწერა დიდ ბრიტანეთში. ნიკოლოზ რაჭველი ისტორიული რეფორმის ინიციატორია, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს საქართველოს მთავრობის მიერ მიენიჭა კანონიერი უფლება თავად აირჩიონ შემოქმედებითი ხელმძღვანელი. აქამდე ამ თანამდებობაზე კანდიდატებს კულტურის მინისტრი ნიშნავდა. დღეისათვის ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ისტორიაში პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია.

საქართველოს სიმებიანი ორკესტრი

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსებმა, 2015 წლის ივლისში დააარსეს საქართველოს სიმებიანი ორკესტრი, რომლის პრეზენტაცია შედგა ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში - BOZAR, გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო სერიების ფარგლებში. 2016 წელს სიმებიანი ორკესტრი მიწვეული იყო ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რამოდენიმე წარმატებული კონცერტი გამართა.

ორკესტრი თანამშრომლობს ცნობილ ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან, როგორიცაა: ლიზა ბათიაშვილი, ლექსო თორაძე, ანიტა რაჭველიშვილი, რენო კაპუსიონი, საშა სოუმი, ვიქტორ ჟულიენ-ლაფერიე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯანლუკა მარჩანო, ვახტანგ მაჭავარიანი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ლუკა ლუჩინი, იური რევიჩი, გიორგი ცაგარელი, ლევან ცხადაძე და სხვ.

საქართველოს ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი

ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი Georgian Brass დაარსდა ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსთა მიერ, რომელთა მიზანიც იყო საქართველოში ამ ჟანრის მუსიკის პოპულარიზაცია და მსმენელის მოზიდვა. ანსამბლი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებში საქართველოს მასშტაბით და აქვთ გასვლითი კონცერტები უცხოეთში. Georgian Brass-ის წევრები მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების მასტერ-კლასებში, თანამშრომლობენ სხვადასხვა ორკესტრებთან, მართავენ როგორც სოლო, ასევე კამერული მუსიკის კონცერტებს.

დღეისათვის Georgian Brass-ის მუსიკოსები არიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში და აქვთ წარმატებული კონცერტები საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ დაგეგმილი საკონცერტო სეზონების ფარგლებში.

სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი

ჩვენი ქვეყნის სახელოვანი კამერული ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი - კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშბილის, ნოდარ ჟვანიასა და ოთარ ჩუბინიშვილის შემადგენლობით, 1966 წელს შეიქმნა. თითოეული სოლისტის მაღალმა პროფესიონალიზმმა, ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობამ, ეროვნულ მუსიკალურ ფესვებთან დაკავშირებულმა მკაფიო ინდივიდუალობამ იმთავითვე განაპირობა კოლექტივის უდიდესი წარმატება და ვირტუოზთა ანსამბლად აღიარება სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ. 1973 წლიდან, როდესაც კვარტეტი გახდა ბუდაპეშტის ლეო ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მთავარი პრიზი და სპეციალური პრიზი თანამედროვე მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის), კვარტეტის შემოქმედებითი ცხოვრება კონცერტების, რადიო და ტელე გადაცემების, გასტროლებისა და ჩაწერების უწყვეტ დინებას წარმოადგენს. ქართველ მუსიკოსებს სისტემატიურად იწვევენ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევენ ფინეთში, შვედეთში, დანიაში, იტალიაში... და, რა თქმა უნდა გერმანიაში, სადაც კვარტეტი წლების მანძილზე მოღვაწეობდა. სიმებიანი კვარტეტის მდიდარი საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს ეროვნული და მსოფლიო საკვარტეტო მუსიკის შედევრებს. სპეციალურად მათთვის იწერებოდა სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის, ნოდარ გაბუნიას, იოსებ ბარდანაშვილის თხზულებები. 1991 წელს კვარტეტს მიენიჭა სულხან ცინცაძის სახელი. საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის კვარტეტის სოლისტებს მინიჭებული აქვთ ფალიაშვილისა (1975) და რუსთაველის (1992) პრემიები, საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებები (1980) და ღირსების ორდენები (2001). 2006 წელს, თბილისში ახლად დაარსებული საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინიციატივით, სიმებიანი კვარტეტი საბოლოოდ დაბრუნდა გერმანიიდან და სამშობლოში აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას.